Thursday, February 22, 2018

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია შედგება 149 მუხლისა და 17 თავისაგან.








კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ, უცვლელ ფორმად გამოაცხადა. საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დამოუკიდებელ და განუყოფელ სახელმწიფოდ.
  "1921 წლის კონსტიტუციის, როგორც დემოკრატიული აქტის, ერთ-ერთ საუკეთესო მახასიათებელს წარმოადგენს მისი მე-3 თავი, რომელმაც მოახდინა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა რეგლამენტაცია. კონსტიტუციამ დაუშვებლად მიიჩნია ორმოქალაქეობა. მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსი ეფუძნებოდა თანასწორობის პრინციპს. აიკრძალა ყოველგვარი წოდებრივი განსხვავებისა და ხარისხის მინიჭება, გარდა აკადემიურისა.

  ურთულესი საშინაო თუ საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და აღიარა პიროვნების ხელშეუხებლობა.

კონსტიტუციაში წარმოდგენილი იყო პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების ფართო სპექტრი. ცალკე თავად გამოიყო ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები. მაგალითად, დაწყებითი განათლება საყოველთაოდ, უსასყიდლოდ და სავალდებულოდ გამოცხადდა.

   სახელმწიფო კისრულობდა ვალდებულებას უღარიბესი ოჯახების შვილებისათვის აღმოეჩინა დახმარება საზრდოს, ტანსაცმლისა და სასწავლო ნივთების უფასო გადაცემით.

კონსტიტუციაში პირდაპირ არ ყოფილა აღიარებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი, მაგრამ კონსტიტუციით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანიზაცია მოწმობს, რომ იგი აღიარებს და ეყრდნობა სწორედ ხელისუფლების დანაწილების თეორიას.
  ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ აღიარებული იყო პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სამი წლის ვადით.აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევდა პარლამენტი. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრებოდა ერთი წლით. ერთი და იგივე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ ორჯერ.სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. კონსტიტუცია ადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების დემოკრატიულ პრინციპებს.შესაბამისად, გამოცხადდა

  • სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა მხოლოდ კანონისადმი მორჩილება;
  • ოსამართლეთა არჩევითობა;
  • სასამართლოში საქმის განხილვის საჯაროობა;
  • განხილვაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა და სხვა.
  • კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომლის ფარგლებში დააწესა შემდეგი ავტონომიური ერთეულების არსებობა: სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველო ანუ ბათუმის მხარე, ზაქათალას ოლქი. ამ ავტონომიურ ერთეულებს ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებში მინიჭებული ჰქონდათ ფართო თვითმმართველობის უფლება.
         1921 წლის კონსტიტუციაში ცალკე თავები ეთმობოდა სახელმწიფო ფინანსებს, სახელმწიფო კონტროლს, სახელმწიფო თავდაცვას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, სახელმწიფო მოხელეებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას და სხვა.
         კონსტიტუციის ბოლო თავში განსაზღვრული იყო მისი გადასინჯვის, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი. ამ წესის მიხედვით, იგი შეიძლება მივაკუთვნოთ რთულ კონსტიტუციათა რიგს. კონსტიტუციის გადასინჯვის უფლების მქონე სუბიექტებს წარმოადგენდა პარლამენტი, მის წევრთა არა ნაკლებ ნახევრის სახით და 50.000 ამომრჩეველი. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ წინადადება პარლამენტის დღის წესრიგში არ შეიძლება დასმულიყო მისი შეტანიდან არა უადრეს 6 თვისა.
        მთლიანი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულად ითვლებოდა, თუ მას მხარს დაუჭერდა პარლამენტის საერთო რაოდენობის ორი მესამედი.
    მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია როგორც ფორმით, ისე შინაარსით სრულად პასუხობდა დროის შესაბამის დემოკრატიულ მოთხოვნებს, პარაგრაფის დასაწყისში აღნიშნულ გარემოებათა გამო მისი მოქმედება უკიდურესად ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება აღსდგა 1992 წლის 21 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დეკლარაციის საფუძველზე, მაგრამ ამ პერიოდისათვის 1921 წლის კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმები და ინსტიტუტები         თანამედროვეობისათვის შეუფერებელი აღმოჩნდა და მან პრაქტიკულად ვერ მოახერხა ქვეყნის საზოგადოებრივი წესწყობილებისა და პოლიტიკის საფუძვლების რეგულირება."

                                გამოყენებულია მასალა   საქართველოს კონსტიტუციური სამართალ

    No comments:

    Post a Comment