Monday, March 19, 2018

ერეკლე II და დასავლეთ ევროპა



1747 წლის ივნისში ირანის მრისხანე დიქტატორი ნადირ-შაჰი შეთქმულებმა
 საკუთარ კარავში მოკლეს. მის მიერ შეკოწიწებული უზარმაზარი იმპერია
სწრაფად დაიშალა.        იმავე წლიდან ქართლისა და კახეთის სამეფოებმა
დამოუკიდებლობა მოიპოვეს. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ერთეულებს -
სამეფო-სახანოებს შორის მწვავე ბრძოლა რეგიონში ჰეგემონიისთვის.
 ამ ბრძოლაში თანდათან გამოიკვეთა, ქართული სამეფოების უპირატესობა.
კონკურენტ მეზობელ მმართველებთან წარმოებულ ბრძოლებში არაერთხელ
გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი მეფის ერეკლე მეორის სახელი
ახლო აღმოსავლეთს და ევროპას მოედო. "პრინც ერეკლეს" ძლევამოსილებაზე
აღფრთოვანებით წერდნენ პარიზის, ლონდონის, ბერლინის, ვენეციის,
სანკტ-პეტერბურგისა და სხვა ქალაქების გაზეთები.        ევროპელების სიმპათი
 და რომანტიკული გატაცება "პრინც ერეკლეს" პიროვნებით იმდენად ძლიერი 
იყო, რომ მათ ქართველი მეფის სახელის მითოლოგიზაცია მოახდინეს,
 გადაჭარბებით აღწერდნენ მის გამარჯვებებს, წინასწარმეტყველებდნენ,
რომ ერეკლე მალე ისპაჰანს აიღებდა და ირანის შაჰის ტახტს დაეუფლებოდა, 
რომ მისი დიდი შიში ჰქონდათ ოსმალეთის ხონთქარს და დიდი მოგოლის 
შაჰს.        ზოგიერთი "გადაჭარბება" არც იყო საფუძველს მოკლებული. ცნობილია, 
რომ მამა-შვილი მეფეები თეიმურაზ მეორე
 და ერეკლე მეორე რუსეთის იმპერატორს ელისაბედს სთავაზობდნენ, თუ 
ეს უკანასკნელი ჯარით ან ფულით მაინც დაეხმარებოდა ქართველებს, მაშინ 
ერეკლე მეორე ირანში ილაშქრებდა და იქ რუსეთისათვის სასურველ კანდიდატს 
დასვამდა შაჰის ტახტზე. ერეკლეს საამისო პრეტენზია და ალბათ, შესაძლებლობაც
 გააჩნდა.        ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანის ტახტზე სამი ყველაზე
 რეალური პრეტენდენტი გამოიკვეთა. პირველად
, თბილისის ამაოხრებელი აღა მაჰმად-ხანის მამა - მოჰამედ ჰასან-ხანი გაძლიერდა,
 რომელიც 1749 წელს ერეკლემ სასტიკად დაამარცხა.        ტახტის მეორე მაძიებელი 
აზატ-ხანი გახლდათ, რომლის საარაკო დამარცხებაც ერეკლეს მიერ 1751 წლის
ივლისს, ყირხბულახის ბრძოლაში, კარგადაა ცნობილი. ქერიმ-ხან ზენდი, 
რომელმაც ყველა მოწინააღმდეგეს სძლია და მაინც ვერ გაბედა შაჰის გვირგვინის 
დადგმა, ერეკლესთან კეთილგანწყობილებას ეძებდა.        ასეა თუ ისე, 1750-იანი
 წლებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, ქართლ-კახეთის სამეფო 
მთელს კავკასიაში უძლიერესი სახელმწიფო გახლდათ. ეს იყო მცირე რენესანსის 
ხანა საქართველოს ისტორიაში. შესამჩნევად აღდგა ქვეყნის ეკონომიკა, მეურნეობა, 
ვაჭრობა, გამოცოცხლდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება, მწერლობა, 
მოღონიერდა ქალაქები... მაგრამ ეს ყველაფერი პირობითი იყო. გეოპოლიტიკური 
ვითარება უაღრესად მძიმე რჩებოდა: პატარა და დაშლილი საქართველო, რომელსაც
 გაერთიანების პერსპექტივა, იმჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაში არ გააჩნდა,
 სამი მასზე ძლიერი შეურიგებელი მტრის გარემოცვაში იმყოფებოდა:
 ოსმალეთის, ყიზილბაშური ირანის და ლეკიანობის.        ამიტომ ერეკლე მეორის 
ცხოვრებაში, ერთი დღეც არ ყოფილა, რომ მას ძლიერი მოკავშირის ძიებაზე არ 
ეფიქროს. ქართველ პოლიტიკოსებს ესმოდათ, ქართლ-კახეთის სიძლიერე ორ
 გარემოებაზე იყო დამოკიდებული: 1. მეფე-თვითმპყრობელის სიძლიერეზე და 
2. მეტროპოლიის დასუსტებაზე. ჯერ კიდევ ზურაბ ავალიშვილმა შენიშნა ერთი 
კანონზომიერება საქართველოს ისტორიისა: როგორც კი ჩვენი მეზობელი 
რომელიმე დიდი იმპერია დაიშლებოდა ან დასუსტდებოდა, მაშინვე კავკასიისა 
და წინააზიური მასშტაბითაც, ეს იწვევდა საქართველოს გაძლიერებას და რეგიონში
 მის ჰეგემონიას.        ქართლ-კახეთის გაძლიერებაც მნიშვნელოვანწილად 
განაპირობა ამ ორმა გარემოებამ: ნადირ-შაჰის სიკვდილმა ირანი დაასუსტა და 
დაშალა, ხოლო ქართული სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდა ძლიერი 
პიროვნება, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და სწორუპოვარი მხედართმთავარი
 ერეკლე მეორე. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ ორივე 
ზემოაღნიშნული ფაქტორი მუდმივი იქნებოდა.        ყველაზე საუკეთესო, რაც 
ირანულ-ოსმალური გარემოცვის პირობებში საქართველოს ელოდებოდა, გახლდათ 
"მშვიდობიანი ირანიზაციის" ხანაში დაბრუნება, ოღონდ, ქრისტიანი მეფეების 
უფლებით - ირანის ბატონობის აღიარება. "მშვიდობიანი ირანიზაციის" ეპოქა
 კი საქართველოსათვის, სისხლის წვიმების პერიოდის შემდეგ, ამოსუნთქვის, 
სულის მოთქმის და მოჩვენებითი აღმავლობის ხანა იყო, თანაც, მტკიცედ
 შემოსაზღვრული აზიური განვითარების პერსპექტივით.        ერეკლე მეორეს 
სრულიად სხვა ჩანაფიქრი და სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული. მისი წინაპარი
 მეფე-პოლიტიკოსები ევროპისა თუ რუსეთის სამხედრო დახმარებას მიელტვოდნენ. 
მეფე ერეკლე პირველი იყო, რომელმაც ქრისტიანი მოკავშირის სამხედრო დახმარების 
მიზანთან ერთად - ქვეყნის ევროპულად გარდაქმნის იდეა წამოაყენა. მის წინამორბედად,
 ამ მხრივ, მისივე პაპა ვახტანგ მეექვსე შეიძლება ჩაითვალოს. ვახტანგ მეექვსისადმი 
გაწეული დახმარების სანაცვლოდ,
 სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთს სთავაზობდა, შავი ზღვიდან სპარსეთამდე ს
აქართველოზე გავლით სავაჭრო გზის გახსნას.        ერეკლე მეორესაც უპირველეს 
ყოვლისა, ევროპა აინტერესებდა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე, 
რომელიც მას მუსლიმური სახელმწიფოების აგრესიისაგან დაიცავდა. მაგრამ, მას 
ჰქონდა მეორე მიზანიც. მას სურდა ქართლ-კახეთის სამხედრო ძალები ევროპულად 
გარდაექმნა. ეს იმას ნიშნავდა, ქართული ლაშქარი ევროპული ტიპის რეგულარულ 
ჯარად გარდაქმნილიყო; აღჭურვილიყო ცეცხლსასროლი იარაღით და არტილერიით;
 შემოღებულიყო ევროპული სამხედრო წოდებები, ჩინები, დისციპლინა და ა. შ.     
   ქართველ მეფეს, ვითარცა თავისი ეპოქის გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეს, 
შესანიშნავად ესმოდა ევროპული არმიისა და ტექნოლოგიის უპირატესობა 
აღმოსავლურ შეიარაღებულ ძალებთან შედარებით. თუნდაც მცირერიცხოვანი
 ევროპული ტიპის ქართული ჯარით, ერეკლე მეფეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ 
ბევრად მრავალრიცხოვან აზიურ სამხედრო ძალებს სძლევდა. ზუსტად ასეც 
სწერდა ქართველი მეფე ევროპელ ხელმწიფეებს: "არა გვაქვს ძალი ასეთის რიგისა,
 რომ ერთ რომელიც ევროპის შინა, ჯარის განწესება არის ის განწესება ვიპყრათ.
 ცოტანიცა რომ ვიყვნეთ იმ რიგით, რამდენიც უნდა ბევრნი იყვნენ ჩუენს
 წინააღმდეგთ ღმერთით მაინც მოვერევით და არც ჩვენი წინააღმდეგობა იმათღა 
შეეძლება საბოლოოთ".        ორი წლით ადრე, ვიდრე ქართლ-კახეთის სამეფო 
რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდოდა, ერეკლე მეორემ დახმარების 
თხოვნით დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მიმართა. 
1781 ზაფხულში მეფემ კათოლიკე მისიონერი დომინიკე ევროპისაკენ
 გაამგზავრა და წერილები გაატანა ავსტრიის იპერატორთან, საფრანგეთის 
მეფესთან, სარდინიის მეფესთან, ნეაპოლის მეფესთან, ვენეციის რესპუბლიკის 
სენატთან და რომის პაპთან. მეფის ამ ნაბიჯიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ფეხს 
ითრევდა რუსეთთან მჭიდრო კავშირისაგან და არ ენდობოდა მას. საქართველოს 
ისტორიაში სრული გაუთვითცნობიერებაა იმის თქმა, თითქოს ერეკლე მეორეს
 წინასწარ აკვიატებული ჰქონდა რუსეთის მფარველობაში შესვლა და ეს მისი
 "რუსოფილობიდან" გამომდინარეობდა. ჩვენს ცოდვილ პრესაში, სადაც ვისაც 
არ ეზარება ყველა წერს და ყველაფერს წერს, ამისთანა აბსურდული "მტკიცებებიც"
 გამოჩნდა, რასაც კიდევ უფრო ცოდვილმა ქართულმა ტელევიზიამაც დაუთმო 
ეთერი.        რუსეთთან მფარველობითი ტრაქტატის დადებამდე
 ქართლ-კახეთის მეფემ კიდევ ერთხელ სცადა ბედი. სამწუხაროდ, 
მეფის მიერ წარგზავნილი მისიონერი დომინიკე, კონსტანტინეპოლში, იმავე
 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. გერონტი ქიქოძე თავის ბრწყინვალე პოლიტიკურ 
ბიოგრაფიაში ერეკლე მეორის შესახებ, წერს, მისიონერმა დომინიკემ "დანიშნულების 
ადგილს ვერ მიაღწია, ის შავ ზღვაში დაიხრჩო." ამ ცნობას თითქოს ეწინააღმდეგება
 საქართველოში მოღვაწე უფროსი პატრის ანდრეასის ინფორმაცია, როცა ის ავსტრიის 
იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილში, თავის მაღალ ადრესატს ატყობინებს: 
პატრი დომინიკე "კონსტანტინეპოლში, პერაზე მოულოდნელად გარდაიცვალა
 და ამის გამო თავისი მისია მცირედაც კი ვერ შეასრულაო".        ერეკლე ჯიუტად
 ცდილობდა ევროპისთვის ხმა მიეწვდინა. ახლა მან სხვა წარმომადგენელი - პატრი
 მავრო ვერონელი, - სხვა გზით გაგზავნა ევროპისაკენ, - რუსეთზე გავლით. 
აღმოჩნდა, რომ რუსეთის გზა, არაფრით იყო ოსმალეთის ტერიტორიაზე უფრო 
უსაფრთხო ქართველების ელჩებისათვის. ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, 
რომ მეფე ერეკლემ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში რუსეთის ხელისუფლება, 
რომ ელჩს გააგზავნიდა ევროპაში. უსაბუთოდ რაიმეს მტკიცება ძნელია,
 მაგრამ საეჭვო და დასაფიქრებელი კია, რომ ქართველი მეფის მეორე 
წარმომადგენელსაც პირველის ბედი ეწია - პატრი მავრო ვერონელი 
რუსეთის ტერიტორიას კი გასცდა, მაგრამ პოლონეთში, ქალაქ ბერდიჩევში
 გარდაიცვალა.        რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართლ-კახეთის
 მეფის წარგზავნილების სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით სულაც არ იყო 
გამოწვეული? ჩვენ ხომ ვიცით, როგორ უშლიდნენ რუსეთი და ოსმალეთი 
ქარველებს ხელს, ევროპასთან დაკავშირებაში. ამის შესახებ ერეკლეც სწერდა 
ევროპელ ხელმწიფე-ადრესატებს, ადრეც ბევრჯერ გვინდოდა თქვენთან ურთიერთობის
 დამყარება, მეც და ჩემს წინაპრებსაც, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდაო. ამის შესახებ
 ხომ ვახტანგ მეექვსეც ატყობინებდა ევროპელებს.        ქართლ-კახეთის მეფის
 წერილებმა ბოლოს და ბოლოს მაინც ჩააღწია ევროპაში. ისინი ვენაში ჩაიტანეს
 და ავსტრიის ხელისუფლებს გადასცეს პოლონელმა კაპუცინებმა ვოლფგანგმა და
 ჰილარიუმმა. იმის წარმოსადგენად თუ რას სთხოვდა ქართლ-კახეთის
 მეფე ევროპელ ხელმწიფეებს, მოვიყვანთ მცირე ამონარიდებს, ერეკლეს წერილებიდან. 
ისინი კარგადაა ცნობილი ქართული ისტორიოგრაფიისათვის, ილია ტაბაღუას 
მშვენიერი გამოკვლევის წყალობით, მაგრამ მკითხველი საზოგადოებისათვის 
ინტერესმოკლებული არ იქნება.        აი ამონარიდები ერეკლე მეორის წერილებიდან, 
ავსტრიის იმპერატორის იოსებ მეორის, საფრანგეთის მეფის ლუი მეთექვსმეტის, 
სარდინიისა და ნეაპოლის მეფეებისა და ვენეციის რესპუბლიკის სენატისადმი:   
     "ჩვენი თხოვნა მოწყალე კეისრისა და ამასთან უქრისტიანესი მეფისა და სხვა
 მეფეებისადმი არის ორი პოლკი. ამით გვექნებოდა ბრწყინვალე თავმოყრა და
 შესაძლებლობა არჩევანისა."        "...მუდმივი ორი პოლკის ქირა გვიწყალობეთ და
 გვიბოძეთ. ამ ნაბოძები თანხით ჩვენ ხალხსა და ჯარს ვიშოვით, თანხმობის 
შემთხვევაში ევროპული წესით მოვემზადებით. არარაობანი - მტრები ამ წესისა და
 ამის შესახებ, რომ გაიგებენ და მისი თვითმხილველნი გახდებიან, ჩვენს წინააღმდეგ 
მოქმედებას ვერ შესძლებენ და ვერც გაბედავენ."        "უდიდებულესსა და ყოვლად 
მოწყალე კეისარს! თუმცა ამ თხოვნისა ჩვენ ძალიან გვერიდება და გვრცხვენია, 
მიუხედავად ამისა, რადგან ჩვენ ქვეყნებს მძიმე უბედურება ელის (როგორც სხვა 
მოხსენებით ბარათში უკვე აღნიშნული იყო), ეს გვაბედვინებს გთხოვოთ, ჩვენს 
განკარგულებაში მოგვცეთ ორი პოლკი, რათა ჩვენ დავეუფლოთ წვრთნის წესებს და
 ასეთი ცოდნით ევროპული სისტემის 
წესზე განვაწყოთ ჯარი. ამის შემდეგ, როცა მოწინააღმდეგე შეიტყობს ჯარის 
დღენიადაგ მზადყოფნას, ვეღარ გაბედავს ჩვენს ტანჯვა-წამებას."        "ჩვენ არა ვართ 
აღჭურვილნი ძალით, რომ შევქმნათ ისეთი რიგის ჯარი, როგორიც ევროპას ჰყავს. 
...ვიმყოფებით სპარსეთსა და აზიის სხვა სამეფოებს შორის. ამ სამეფოებს შორის მტრობა
 ჩამოვარდა, ყველა შფოთვამ მოიცვა და ახლა ისინი დასუსტებულნი არიან. ამჟამად მათ 
არაფერი შეუძლიათ, განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვეყოლება დისციპლინირებული 
ევროპული რიგის ჯარი. მაგრამ რაკი არ გვყავს ასეთი ჯარი, ლეკები დაღესტნიდან 
და კავკასიიდან და სხვა მეზობელი მაჰმადიანები ერთიანდებიან და ჩვენ გვაწიოკებენ.
        ვინც უნდა დაგვხმარებოდა, ისინიც ნაკლებად გვეშველებიან და ამიტომ ჩვენ
 დიდ განსაცდელში ვვარდებით უფულობის 
გამო.        ამრიგად, გთხოვთ თქვენს დიდებულებას და მოწყალე უდიდებულესობას,
 ერთი პოლკი ჯარის შესანახი თანხა მოგვცეს ჩვენ გასაძლიერებლად. შესაძლებელია, 
უზენაესის წყალობით, თავისი ძალების შესაბამისად, ეს ქვეყანაც ჩადგეს 
ევროპის მეფის სადიდებლად მის სამსახურში."        "რადგან ასეთსა შინა ადგილსა 
ვიმყოფებით თუ რამ უდიდესი წამალი კიდევ არ დაგვერთო, საბოლოოთ დიდის 
განსაცდელის შიში გვაქვს და არა გვაქვს ძალა ასეთის რიგისა, რომ ერთი რომელიც
 ევროპას შინა განწესება არის, ის განწესება ვიპყრათ. ცოტანიც რომ ვიყუენით, იმ რიგით 
რამდენიც უნდა ბევრი იყუნენ ჩუენს წინააღმდეგი, ღვთით მაინც მოვერევით და არც 
ჩუენი წინააღმდეგობა იმათღა შეეძლება საბოლოოთ."        ამ ამონარიდებიდან ცხადად
 ჩანს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე, ერეკლე მეორემ კიდევ ერთხელ სცადა
 ევროპასთან დაკავშირება და მათთვის დახმარების თხოვნა. გერონტი ქიქოძე
 გაკვირვებასაც კი გამოთქვამს, მეფე ერეკლე რეალისტური ბუნების ადამიანი გახლდათ
 და ასეთი "პოლიტიკური რომანტიზმი" როგორ გამოიჩინა - ევროპას დასახმარებლად 
როგორ მიმართაო. მართალი იყო ჩვენი ბრწყინვალე პუბლიცისტი და ერუდიტი:
 იმჟამინდელი ევროპისათვის ქართლ-კახეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნა
 ან შესაბამისი რაოდენობის ფინანსური შეწევნა და ოსმალეთთან დაპირისპირება 
საქართველოსათვის, რომანტიკულ ოცნებას უფრო წააგავდა.        მაგრამ მართალი 
გახლდათ მეფე ერეკლეც. შესაძლოა მას ყველაზე უკეთ ჰქონდა გააზრებული 
ევროპელებისაგან ოსმალთა წინააღმდეგ სამხედრო-ფინანსური დახმარების
 ილუზორულობა. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ - ქართლ-კახეთის მეფემ საბოლოდ და
 უკანასკნელად სცადა ბედი. ამით მან ყველა თავის გვირგვინოსანი წინაპრის 
წინაშეც და შთამომავლობის გასაგონადაც - თავისი ისტორიული გადაწყვეტილება 
დაასაბუთა - მე ყველაფერი ვცადე, სანამ უკანასკნელ ნაბიჯს გადავდგამდი!       
 მართლაც, არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომლებიც დიდად იყვნენ 
დაცილებული საქართველოს, არ შეეძლო ქართლ-კახეთისათვის რეალური დახმარება.
 ერეკლე მეორის თანამედროვე ავსტრიის იმპერატრიცამ მარია ტერეზამ (1740-1780). 
ძლივს შეინარჩუნა საკუთარი ტახტი ე. წ. "ავსტრიის მემკვიდრეობისათვის" 
ბრძოლაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერიტორიაც დაკარგა. მისი მემკვიდრე და
 ერეკლეს ადრესატი იოსებ მეორე უფრო სახელმწიფოს ეკონომიკური 
გაძლიერებისა და საკუთარი სამფლობელოების შენარჩუნებისათვის ზრუნავდა. 
       საფრანგეთი აქტიურად ეხმარებოდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ 
ამერიკელებს, ინგლისელებთან ბრძოლაში. რაც შეეხება ვენეციის რესპუბლიკას,
 სარდინიისა და ნეაპოლის მეფეებს, მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ რაიმე
 დახმარების გაწევა საქართველოსათვის, თუ ამას ევროპის დიდი ქვეყნები 
მოინდომებდნენ.        ქართლ-კახეთის მეფის უკანასკნელ ცდას ევროპის
 სახელმწიფოები არ გამოხმაურებიან. დრო კი არ ითმენდა. ქართველობას ნებისმიერი
 სხვა მოკავშირე-მფარველი უნდა ეშოვა ოთხმხრივი მაჰმადიანურ-ბარბაროსული 
გარემოცვიდან თავდასახსნელად. 1783 წლის 6 სექტემბერს, პეტერბურგში, ავსტრიის 
ელჩი კობენცლი ვენას მოახსენებდა, რომ "საქართველოს პრინცმა ერეკლემ თავისი 
სამფლობელოები აქაურ სკიპტრას (ე. ი. რუსეთის იმპერატორისას - დ. შ), 
დაუმორჩილა." ელჩს რა თქმა უნდა გეორგიევსკის ტრაქტატი ჰქონდა მხედველობაში, 
რომლითაც, ასე გამოვიდა, მეფე ერეკლეს "გადაეწყვიტა ბედი ქართლისა."      
  ქართლ-კახეთის მეფის ეს ნაბიჯი იძულებითი იყო.


No comments:

Post a Comment