Monday, January 22, 2018

დავით აღმაშენებლის კულტურული საქმიანობა


დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის წარმატების უპირველესი საფუძველი მისი განსწავლულობა და გონების განუწყვეტელი წვრთნა იყო. თავისუფალ დროს იგი წიგნის კითხვას მიეცემოდა. ლაშქრობის დროსაც კი ბიბლიოთეკა თან ურმით დაჰქონდა. მას ესმოდა, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი განათლების სისტემის არსებობა იყო.
როგორც ვიცით, დავითის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, კათალიკოს იოანეს, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ღირს მამათა თაოსნობით დაარსდა გელათის აკადემია, სადაც ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტროლოგია, მუსიკალური ხელოვნება, ფილოსოფია, სამუნებისმეტყველო და ეკონომიკური დისციპლინები ისწავლებოდა. გელათის აკადემიის რექტორი, ანუ მოძღვართ-მოძღვარი თვით კათოლიკოსსა და მეფეზე არანაკლები პატივით სარგებლობდა. მონასტრები ძალზედ ძლიერ სავაჭრო ცენტრებს ფლობდნენ თბილისსა და სხვაგან.
დავითის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; გარდა ამისა, მას სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.
დავით მეოთხემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი”, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. ,,გალობანი სინანულისანი” ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზოგადოებრივ რეზონანსს იძენს. დავითის გალობანი, რომელნიც ნათლად მოწმობენ მის საფუძვლიან საღვთისმეტყველო განათლებას, საინტერესოა აგრეთვე როგორც მაჩვენებელი მისი ცხოვრების ზოგიერთი ინტიმური მხარისა და ავტორის ფსიქოლოგიურ-
რელიგიური განცდისა.

საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სამეფო კარზე საფუძველი ჩაეყარა შემწყნარებლურ, ტოლერანტულ პოლიტიკას, რომელსაც დავითის გარდაცვალების შემდეგაც ჩვენი მეფეები საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდნენ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ საქართველოს მეფე თანაბრად მზრუნველი იყო თავისი ქრისტიანი თუ მაჰმადიანი ქვეშევრდომების მიმართ.დავით მეოთხის ტოლერანტული პოლიტიკა დიდად უწყობდა ხელს ქვეყანაში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარება-გაცხოველებას. მეფე არ ერიდებოდა უცხო ქვეყნებიდან ვაჭართა საქართველოში გადმოსახლებას. ასე გადმოასახლა მან სომხები და ისინი მისი მეფობისას ქალაქად ქცეულ გორში ჩაასახლა. ამ ნაბიჯებით მეფე ვაჭრობის ცენტრის საქართველოში გადმოტანას ცდილობდა. დავით მეფე მაჰმადიან ვაჭარ-ხელოსნებსაც მფარველობდა, რომლებიც სელჩუკებისაგან გათავისუფლებული ქალაქების (თბილისი, დმანისი, რუსთავი, ანისი, შამახია) მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. უფრო მეტიც, თბილისის აღების შემდეგ დავით მეფემ მთელი რიგი პრივილეგიები მიანიჭა მაჰმადიან ვაჭრებს: უფრო ნაკლები გადასახადი დაუწესა, ვიდრე ქრისტიანებსა და ებრაელებს. მეფემ პირობა მისცა თბილისის მაჰმადიანებს, რომ მათს უბანში ღორს არ გადაუშვებდნენ, არ დაკლავდნენ და მის ხორცს ბაზარზე გასაყიდად არ გამოიტანდნენ. ყოველივე ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ შეშინებული მაჰმადიანი ვაჭრები ქართველთა მიერ დაკავებული ქალაქებიდან არ აყრილიყვნენ და ოჯახებითურთ საქართველოდან არ გაქცეულიყვნენ. ეს საქართველოს მიერ წარმოებულ სავაჭრო საქმიანობას მეზობელ თუ შორეულ მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან ძალზე შეამცირებდა და ქვეყანას ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა. ასე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველს დავითის ტოლერანტული პოლიტიკა წარმოადგენდა.საქართველოს მეფე დიდ პატივს მიაგებდა მაჰმადიან სწავლულებსა და ღვთისმეტყველებს. მაჰმადიანი ქვეშევრდომების რწმენის პატივსაცემად დავითი თვითონაც შედიოდა მეჩეთში. გარდა ამისა, ის, დამსახურების შემთხვევაში, მაჰმადიანთათვის წყალობას არ იშურებდა. ასე, წყალობით აავსო თავისი მომხრე შარვანელი და დარუბანდელი დიდებულები.ამგვარად, საქართველოს მეფე რეალურად ახორციელებდა იმას, რაც მის ტიტულატურაში იყო ასახული-,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი” – ანუ ის თავს აცხადებდა თანაბრად მოწყალედ და სამართლიანად თავის სამეფოში მცხოვრები ქართველების, სომხების, ებრაელებისა თუ მაჰმადიანების მიმართ, თუმცა, ამავე დროს, მართლმადიდებლურ რწმენაზე გადმოსვლას ხელს უწყობდა და სიხარულით მიესალმებოდა.

No comments:

Post a Comment