Monday, January 22, 2018

დავით IV-ის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმა


   დავით მეოთხემ დიდი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით: «მეფე მეფეთა მახვილი მესიისა დავით ძე გიორგისი», და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. დავითმა ,,საგადასახადო ინსპექცია”, ანუ მაშინდელი მანადატურები გლეხთა ფენიდან აარჩია. ლოგიკა მარტივია. საქართველოში ძირითად საწარმოო ძალას ფეოდალები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მეფისგან განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი გლეხი-მანდატური ყოველმხრივ მოერიდებოდა ,,ურჩგადამხდელ” ერისთავთან ალიანსს, რამეთუ, ამით საკუთარ ძალაუფლებას აგდებდა საფრთხეში (გამჟღავნების შემთხვევაში); თანაც, თუკი იგი, როგორც მოხელე, პირუთვნელ რეპუტაციას მოიპოვებდა, შანსი ჰქონდა, მეფისგან აზნაურის ხარისხი მიეღო და თავად გაფეოდალებულიყო.აღმაშენებელს კარგად ესმოდა ქალაქების როლი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საქმეში და ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობდა ქალაქების დაწინაურებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ აღმაშენებლისა და სამეფო ხელისუფლების დიდმა მცდელობამ გორი მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში, თბილისისა და ქუთაისის შემდეგ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად აქცია. დავითი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამის თევა.აღმაშენებელმა, თბილისის გათავისუფლების შემდეგ, დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შექმნა, რისი მეშვეობითაც, როგორც ევროპელთათვის, ისე მაჰმადიანთათვის, საქართველოში ფინანსური გარიგების წარმოება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე მათს მშობლიურ ქალაქებში. შედეგად, თბილისი – მსოფლიო სავაჭრო ცენტრად, ხოლო საქართველო მსოფლიო უდიდეს სახელმწიფოდ გადაიქცა.

No comments:

Post a Comment