........ შარშან ე. ნინოშვილის საფლავზე «კვალის» წარმომადგენელი პირველათ შეხვდა ახალ გუნდს ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებისას, რომელთაც თავის წარმოთქმულ სიტყვებში, ცოტათ თუ ბევრათ, აღნიშნეს ახალი გზა-კვალი თავის მოქმედებისა. «კვალის» რედაქცია სიამოვნებით მიეგება ასეთს ნიშნებს ჩვენის ახალთაობის მოძრაობისას და, რამდენათაც შესაძლებელი იყო, მოკლეთ გამოხატა პროგრამა მათი მოქმედებისა. ამ ახალ გუნდს ჩვენის ერის მუშაკებისას მან დაარქვა «მესამე დასი». როგორც მკითხველმა იცის, ამ «მესამე დასმა» და მისმა პროგრამამ მალე გამოიწვია ქართულს ლიტერატურაში ცხარე ბაასი... «მესამე დასი» წლოვანებით კი არ განსაზღვრავს თავის პროგრამის მოქმედებას, არამედ იდეით, პრინციპითო. აქ ახალი არის მხოლოთ გზა, აღნიშნული მოქმედებისათვის, და არა თვით მასზე მოსიარულე მუშაკნი, რომელთაც ახალი გაჭრილი სვრელი (სვე) გააქვთ. ამ სვრელში მოხუცებულთან ახალგაზრდაც გვერდით დგას და ხშირათ ისიც მოხდება, როგორც თვით «ივერია» - «მოამბის» მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბრძოლაში გამოცდილი მოხუცი მუშაკი ახალგაზრდა გუნდს თავში უდგეს და გზას იკვლევდეს.
ვინ იტყვის, რომ ჩვენ ქართულ გამოცემებს გულწრფელი აზრი ჩვენი ერის სიკეთისა, კეთილ-დღეობისა, წარმატებისა არ უხელმძღვანელებდეს, მაგრამ საქმე იმაშია, ვის როგორ ესმის ეს ჩვენი საჭირბოროტო, სანუკვარი და სავალალო ქართველი ერი და მისი წარმატება? ყოველს ჩვენ ქართულს გამოცემათაგანს საგნათ აუღია ამ ჩვენი გათახსირებული საქართველოს ერის ბედისწერა, იმის საბედნიეროთ ცდილობს, უნდა მის იარებს რაიმე განსაკუთრებული წამალი დაადვას, მაგრამ თითოეული მათგანი სულ სხვა და-სხვა ბარგის წამლებს ულესავს. თვითონ თავისი თავი მიაჩნია მხოლოდ ჯანიოზ ექიმათ და სხვას კი აძაგებს, სახელს უტეხს...ასეთია ჩვენი ქართული ჟურნალ-გაზეთების საქმეც. ყოველი მათგანი თავისას გაიძახის, ყოველ მათგანს მოუპოვებია თავისი დასი მკითხველების, რომელნიც მართლაც თავისი საყვარელი ჟურნალის, ან გაზეთის მხედველობით ხედავს, მისი გონებით სჯის, მისივე ენით უპატიურათ იხსენებს სხვა მოწინააღმდეგე ჟურნალის, ან გაზეთის მოღვაწეობას. მაშასადამე, აქ ქართულ გამოცემებთან ერთათ დაარსებულან კიდეც სხვა-და-სხვა მკითხველების დასებიცა. თუ გნებავთ, აქ პარტიულ ბრძოლას ისეთივე ნიადაგი მოუპოვებია, როგორც ევროპაშია. აქაც მკითხველები ერიდებიან იმ გაზეთის და ჟურნალის კითხვას, რომელიც ეწინააღმდეგება მათი საყვარლის ჟურნალის, ან გაზეთის მოსაზრებას; მაგრამ ჩვენდა საბედნიეროთ, უმთავრესი ნაწილი ჩვენის ერისა ამ მებრძოლ დასებში არ ჩარეულა და ყველას აზრებს და საკამათო ბაასს უპარტიოთ, მიუდგომელათ ისმენს; მას იმდენათ მკვირცხლი გონება და მოსაზრება აქვს, რომ მაშინვე შეიტყობს ჭეშმარიტება სად უკაკუნებს, რომელი ტყუის და რომელი უფრო სწორ გზას ადგია. რაკი ასეთი ნიადაგი აქვს ჩვენს გონებითს მხვნელ-მთესველებს, მაშ, რიღასი უნდა გვეფიქრებოდეს. დაე, თითოეულმა ჩვენმა ქართულმა გამოცემებმა გარემოებისა და ღონის მიხედვით გამოარკვიოს თავისი მიმართულება, პროგრამა და წადილები. დასთა გარეშე მდგომი ერი გულწრფელათ გაარჩევს და, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტების მქადაგებელს მიემხრობა. მაშასადამე, დასებთან ბრძოლა ჩვენ აბა, რათ უნდა გვაშინებდეს... ვისაც ერი მიემხრობა სავსებით, ბურთი და მოედანი, ადრე თუ გვიან, იმას დარჩება.
მეოთხმოცე წლებში გაჩნდა ჩვენში ერთი პაწია დასი განათლებული თაობისა, რომელმაც დააარსა თავისი საკუთარი გამოცემა «იმედი» და აღიარა, რომ საქართველოს ხსნა გლეხკაცობიდან უნდა წარმოდგესო. იმან იცნო მხოლოთ გაუნათლებელი გლეხკაცობა ერათ და რწამდა, რომ მხოლოთ ამ გაუნათლებელი გლეხკაცობის საშოდან უნდა წარმოდგესო გონებრივი მოძრაობა, რომელმაც უნდა შეიმაგროს საქართველოს ერიო. ეს დასი ქადაგებდა მხოლოთ გლეხკაცობაში მოქმედებას, მას ის მიაჩნდა მხოლოთ ერათ და გარეშე გლეხკაცობისა მას არ რწამდა არაფერი. ამ სახით დაარსდა რუსეთის მიბაძვით ჩვენშიაც ესრეთ წოდებული Народникъ-ობის დასი, ან როგორც «კვალში» უწოდა ბ-ნ ხომლელმა «დასი ტეტიაობის მოტრფიალეთა». მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ცალკერძმა მიმართულებამ ვერ მოიპოვა თანაგრძნობა საქართველოს ერისა და მალე დაკარგა ნიადაგი მოქმედებისა. ის დაინთქა ცხოვრების ახალ მიმართულების მორევში და ზოგიერთ გადარჩენილთა მალე შეაფარეს თავი «ივერიის» რედაქციას, რომლის ხელმძღვანელმა თავისი ზეგავლენით ადვილათ შეუცვალა «ტეტიათ მოტრფიალეთა» მათი ელფერი; ის კი არა, კიდეც შეიტკბო ისინი და კიდეც გადასცა მათ სავსებით თავისი საკუთარი შეხედულება, თავისი საკუთარი გულის წადილი. ამ სახით ძველი ნაშტი «ტეტიათ მოტრფიალეთა» შეუსისხლხორცდა ახალი «ივერიის» მიმართულებას, რომელმაც მალე წამოაყენა და ძალიან ცხადათაც გამოარკვია ამ უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში თავისი პრინციპი და პროგრამა. წინააღმდეგ გლეხკაცობისა «ივერიამ» წამოაყენა წინ თავად-აზნაურობა, როგორც წარსული საქართველოს ისტორიული კულტურის ნაყოფი, უპირატესი წოდება... მას არ დარჩა შეუმჩნევლათ მოუძლურება საქართველოს წარჩინებული წოდებისა და ამის გამო დაიწყო ქადაგება, რომ თუ უნდა თავად-აზნაურობას მისი ისტორიული როლი შეირჩინოსო და მომავალშიაც საქართველოს ერს სათავეში უდგესო, ეცადოს ევროპის განათლება შეითვისოს და არავითარს სოციალურს (საზოგადოებრივს) მდგომარეობაში მისი ერთხელ შეძენილი უპირატესობა არ დაჰკარგოსო, არავის დაუთმოსო.
ჩვენ დღეს ვაჭრების კაპიტალისაგან დაჩაგვრას ვტირით; «ივერიის» და «მოამბის» პუბლიცისტები კი ქართველი ერის საკეთილდღეოთ მეორე გვარის კაპიტალსაც ზედ გვიმატებენ, ალბათ, რომ უფრო ღონივრათ გამოწოვონ საქართველოს ერს სარჩო-საბადებელი. ამ სახით, როგორც თვით მკითხველი დაინახავს, სალიტერატურო ასპარეზზე გამოჩნდა ორი დასი: ერთი, – რომელიც ქადაგებდა თავად-აზნაურობის კეთილ-დღეობის პრინციპს, მეორე – რომელიც მარტო გლეხ-კაცობის ბედის-წერის გაუმჯობესობაში ხედავდა საქართველოს ერის ხსნას.
«კვალის» მეთაურებმა უარჰყვეს პირველი დასის შეხედულებაც და მეორისაც, რადგან ორივე იყო ცალკერძი და უსრული. როგორც მთელს კაცის ტანს ვერ აცოცხლებს მარტო წელ-ქვემოთი ტანი, ან მარტო წელზემოთი, ისე მთელს საქართველოს ერს სიკეთე არ დაეყრება, თუ მარტო მის თავად-აზნაურობაზე ვიზრუნეთ, ან მარტო მის გლეხკაცობაზე. ამისთვის «კვალი» დიდი სიხარულით და აღტაცებით მიეგება იმ ახალ გზაზე მოსიარულე «მესამე დასს», რომელმაც უარჰყო წოდებათა განკერძოვება და მათზე მზრუნველობა. იმან გამოაცხადა საგნათ თავის ზეგავლენისა მთელი საქართველოს ერი, განურჩევლათ წოდებისა, შთამომავლობისა და მოხელეობისა. საქართველოს ერი მარტო გლეხობაზე. ან მარტო თავად-აზნაურობა კი არ არის, არამედ ეს არის შემკრებელობითი არსება, რომელშიაც გლეხიც არის, თავად-აზნაურიც, ღვდელიც, ვაჭარიც, მოხელეც და მოქირავე ყმაც. ამ შემკრებელობითს არსებას ეწოდება საქართველოს ნაცია, ისტორიული კულტურით ზრდილი და გამაგრებული თავისი ენით, თავისი ნაციონალური სარწმუნოებით და თავისი ნაციონალური თვითარსებობით.
აი, საგანი ჩვენი ყურადღებისა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მხარი მივცეთ ყოველს ისეთს გარემოებას, ყოველს ღონისძიებას, რომელსაც შეუძლია მთელი საქართველოს ერი განამტკიცოს, გააღონიეროს ერთიანობით, პოლიტიკურათ და ეკონომიურათ; აგრეთვე უნდა ვეწინააღმდეგოთ ყოველს მეცადინეობას, რომელსაც შეუძლია რომელიმე ნაწილი ამ შემკრებელობითი ერთარსებობისა გააბატონოს და დააწინაუროს სხვა მის ნაწილებზე. ამ პრინციპის ძალით ჩვენ არ თანაუგრძნობთ, მაგალითათ, ყოველსავე დაწესებულებას, რომელსაც ჰქვია ან მარტო თავად-აზნაურობის სახელი, ან მარტო გლეხობის, ან ვაჭრობის სახელი. ჩვენ ბედნიერათ მივიჩნევდით, მაგალითათ, იმას, რომ ჩვენს სათავადაზნაურო შკოლაში თავადისა და აზნაურის შვილს გვერდით გლეხის შვილი მჯდარიყო. ჩვენ გვსურს, რომ სასოფლო გამგეობაში და სამართალში გლეხი და თავად-აზნაური ერთათ განიგებოდენ და ერთათ განისამართლებოდენ.
ყოველი საერთო კაპიტალის წარმოება, რანაირი და რა ფორმაც უნდა იყოს ის, მაგალითად, ბანკები, თუ საურთიერთო გამსესხებელთ-შემნახბველი ამხანაგობა და სამრეწველო კრედიტი, უნდა იყოს გამართული ყველასთვის, წოდების განურჩევლათ და ყველა ამგვარს დაწესებულებას უნდა ერქვას ქართული დაწესებულების სახელი არა «სათავად-აზნაურო», არა «საგლეხო», არამედ საზოგადო, სანამ ქართველი ერი თანასწორ უფლებას არ მიიღებს სხვა ერებს შორის. აი, ასეთი ეროვნული პრინციპი წამოაყენა წინ «კვალმა» და ამიტომაც უწოდა მან თავის მომხრეებს «მესამე დასი», რადგან ის მართლაც მესამე დასია, თუ მივიღებთ მხედველობაში ორის ზემოხსენებულის დასის არსებობას. და რომ ისინი არსებობენ, ამაში ეჭვი არ არის. ისინი ამ «მესამე დასზე» ბევრათ ადრე მოქმედებდენ ჩვენს ქართულ ლიტერატურაში და ცხოვრებაში...
No comments:
Post a Comment