Tuesday, March 20, 2018

ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის სტატიიდან ზოგიერთი რამ «თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა». თ. გრ. ორბელიანი.

[1866 –1876 წ.წ.]. დაიბეჭდა გაზ. «დროებაში», 1876 წ., 14 მარტი, №27.
......... ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი – ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა – თავადი, გლეხსა – ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი – სათავადოა, აზნაურის – სააზნაურო, გლეხის – საგლეხო, ვაჭრისა – სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა – თავადსა, ორივესი – გლეხსა, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი? ეს ასომთავრული რომ ასომხედრულს გზას უღობავს, ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითო-თითოდ, ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე!
თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: «მე თუ შენ, შენ თუ მე», და ორივენი ერთად კი არაო.
აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე. ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.
ის შემკრებლობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელი-ღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში, თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით – თუ არაფერს აკეთებს, – თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა.
V
იმერელი, გურული, მეგრელი, ქართლელი, კახელი – ეს ცალ-ცალკედ მითვისებული, კერძოობითად მიღებული, განმაყოფელი სახელები, ჩემის ზემოხსენებულის სიტყვის ცხადი მაგალითებია, მაგრამ მეტყვიან: ეგ ყველა ხალხში არისო. მართალია, მაგრამ არა ეგრე გულსაკლავად, როგორც ჩვენშია.
იქ, სხვა ხალხში, საცა თვითეულს პირს თავის დამოკიდებულება თავის ხალხთან არ შეუწყვეტია და სისხლში და ხორცში გამჯდარი აქვს, იქ მაგისთანა სახელები შინაურობაში იხმარება ურთიერთის გასარჩევად და არა საქვეყნოდ, საგარეოდ. მარსელში მცხოვრებელი ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხო ქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში მარსელელია და გარეობაში – ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალა – ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე – ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი ყოველს ფრანციელთან ერთად დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან – ჩემი ხალხის წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა – ჩემი საკუთარი წყენააო.
ჩვენში? ეჰ, რაღა გითხრა მკითხველო! შენც კარგად იცი, რომ ქართველი ჩვენის ტომის საერთო სახელი აღარ არის, აღარც შინა და აღარც გარეთ, არც მახლობლისათვის და არც უცხოსათვის. იმერელი – იმერელია, გურული – გურულია, მეგრელი – მეგრელია, ქართლელი – ქართლელია, და სულ ყველანი კი ერთად ქართველები არ არიან.
ვაი, იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი, იმ ქვეყნას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა «მე» ხშირია, და «ჩვენ» – იშვიათი!
VI
განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.
რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით.
გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა, და ვერ ზიდავდა: ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა. ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ, თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და მისი აზრი ხალხის მცირე ნაწილს დაარქვა. ამრიგად, სიტყვას: ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას: მამულსაც – ეგ საქმე დაემართა.

No comments:

Post a Comment